მინოქსიდილი ანდროგენული ალოპეციის ერთადერთი ადგილობრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც აქვს ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA)  თანხმობა.

ეს მედიკამენტი თავდაპირველად 1970-იან წლებში დაინერგა, როგორც მძიმე და არასტაბილური ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება. 

შემდგომში ექიმებმა დააფიქსირეს თმის ზრდა და გენერალიზებული ჰიპერტრიქოზი(ჭარბთმიანობა) პაციენტებში, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მინოქსიდილის ფორმულის შემუშავება ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ (AGA). 

მინოქსიდილის 2% ხსნარი პირველად გამოჩნდა 1986 წელს, რასაც მალევე მოჰყვა 5% ხსნარი 1993 წელს. მედიკამენტი უკვე 30 წელზე მეტია გამოიყენება თმის ცვენის საწინააღდეგო და თმის ზრდის ხელშემწყობ და საშუალებად როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.

 

მონოქსიდილის-ხსნარი

 

მინოქსიდილის ხსნარი (MS) შეიცავს არააქტიურ ინგრედიენტებს, მათ შორის წყალს, ეთანოლსა და პროპილენგლიკოლს (PG), ეს საშუალებები ხელს უწყობს წამლის ეფექტურ მიწოდებას თმის ფოლიკულებში; თუმცა, ადგილობრივი გაღიზიანების ხშირმა შემთხვევებმა განაპირობა PG-გან თავისუფალი მინოქსიდილის ქაფის (MF) ფორმულირება.

მინოქსიდილის ხსნართან (MS) შედარებით, მინოქსიდილის ქაფი (MF) საშუალებას იძლევა , ნაკლები გაღიზიანებით შეაღწიოს სამიზნე ადგილამდე. შესაბამისად,  აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA)   5%  მინოქსიდილის ქაფი (MF)   ასევე დაამტკიცა   AGA-ს სამკურნალო ადგილობრივ საშუალებად.   მინოქსიდილის ქაფი მოსახერხებელია გამოსაყენებლადაც, რადგან ის უფრო სწრაფად შრება და ნაკლებად ვრცელდება პერიფერიულ კანზე, შესაბამისად ნაკლებად იწვევს ისეთ გვერდით ეფექტს, როგორიცაა არასასურველ ადგილებში ჭარბთმიანობა.

monoxidil-მონოქსიდილი

 

მინოქსიდილი არის ძლიერი არტერიული ვაზოდილატატორი(აფართოებს სისხლძარღვებს), იგი ზრდის უჯრედული დნმ-ის სინთეზს და აძლიერებს უჯრედების პროლიფერაციას(გამრავლებას).  თმის განვითარების ციკლში მინოქსიდილი ამცირებს ტელოგენის(მოსვენების ფაზა) ხანგრძლივობას და აინიცირებს და ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზას ე.. ანაგენს.

 

monoxidil-მონოქსიდილი-process

მინოქსიდილის დადებითი გავლენა თმის ზრდაზე ძირითადად განპირობებულია მისი მეტაბოლიტით, მინოქსიდილის სულფატით, და ფერმენტ სულფოტრანსფერაზათი, რომელიც მდებარეობს თმის ფოლიკულებში. 

ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით, ადგილობრივი მინოქსიდილის დაახლოებით 1.4% შეიწოვება ნორმალური სკალპის მეშვეობით, ხოლო გაზრდილი აბსორბცია დაკავშირებულია პრეპარატის კონცენტრაციასთან, პრეპარატის გამოყენების სიხშირესთან და რქოვანა შრის ბარიერული ფუნქციის დაზიანებასთან. მინოქსიდილი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. სისტემურად აბსორბირებული პრეპარატი თირკმლების საშუალებით გამოიყოფა;

მინოქსიდილი გამოიყენება ადგილობრივად, თავის კანზე, პრობლემურ უბნებზე თანაბარი გადანაწილებით.  1მლ.( ან 6-7 შესხურება) ან ქაფის შემთხვევაში ნახევარი თავსახური, 1-ჯერ ან ორჯერ დღეში( მოხმარების წესს ინდივიდუალურ შემთხვევაში წყვეტს ექიმი დაავადების სიმძიმისა და სქესის გათვალისწინებით). ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მინოქსიდილის ხანგრძლივი გამოყენება, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ეფექტი დაახლოებით 3 თვიდანაა შესამჩნევი, ხოლო მკურნალობის შეწყვეტა იწვევს პროგრესირებად თმის ცვენას 10-12 კვირის შემდეგ; 

ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ ნაჩვენებია მინოქსიდილის გამოყენება წლების განმავლობაში.

კლინიკურმა კვლევებმა AGA ს მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 2% ან 5%  მინოქსიდილის ხსნარით,  აჩვენეს თმის შესამჩნევი ზრდა და თმის ცვენის დაქვეითება,  5% მინოქსიდილით შედეგები აჭარბებდა 2%-ით მკურნალობის შედეგებს. ჰისტოლოგიურად, აღინიშნა  ანაგენური ფოლიკულების რაოდენობისა და ფოლიკულის ზომის  პროცენტული მატება.

მინოქსიდილი  FDA-ს მიერ დამტკიცებულია მხოლოდ ანდროგენული ალოპეციის ( AGA-ს ) სამკურნალოდ.  თუმცა იგი ასევე  გამოიყენება თმის რამდენიმე დაავადების მკურნალობის ალგორითმში, სხვა საშუალებებთან ერთად.  ეს დაავადებებია: ბუდობრივი ალოპეცია (AA), ნაწიბუროვანი ალოპეცია , თმის ღერის განვითარების დარღვევება. მინოქსიდილი ასევე გამოიყენება თმის ზრდის გასაუმჯობესებლად  წარბებსა და წვერზე , ქიმიოთერაპიის შემდგომ თმის ზრდის სასტიმულაციოდ.

ადგილობრივი მინოქსიდილი ითვლება უსაფრთხო მედიკამენტად.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა ირიტაციული(გაღიზიანება) კონტაქტური დერმატიტია, სიმპტომებით ქავილი და აქერცვლა.  გვერდითი ეფექტის სიხშირე უფრო დაბალია 2%,  ვიდრე 5% მინოქსიდილის ხსნარის გამოყენების შემთხვევაში . ალერგიული კონტაქტური დერმატიტი უხშირესად ვითარდება მინოქსიდილის ხსნარში შემავალ პროპილენგლიკოლზე და არა თავად მინოქსიდილზე.  თუკი პროპილენგლიკოლისაგან თავისუფალ ფორმულაზე ( მაგალითად მინოქსიდილის ქაფზე) ალერგიული რეაქციები გაგრძელდა, მაშინ ეჭვი უშუალოდ მინოქსიდილის ალერგიაზეა  და ამ შემთხვევაში ყველა მინოქსიდილის პრეპარატების გამოყენება უნდა შეწყდეს.

ჰიპერტრიქოზიჭარბთმიანობა  ყველაზე მაღალი სიხშირით აღენიშნება მათ , ვინც მკურნალობს მინოქსიდილის 5 % ხსნარით. ზოგიერთ ქალ პაციენტს აქვს უფრო მაღალი მგრძნობელობა მინოქსიდილის მიმართ.

სისტემური გვერდითი ეფექტები ძირითადად ვლინდება მხოლოდ პერორალური (ტაბლეტირებული) მინოქსიდილის მიღების შემთხვევაში.  ნატრიუმის და სითხის შეკავება იწვევს სხეულის წონის მატებას , ასევე აღწერილია  ფილტვის ჰიპერტენზიისა და გულის იშემიის შემთხვევები, თვალების ქავილი, კანის ბულოზური გამონაყარი,  და პოლიმენორეა. შესაბამისად, პერორალური მედიკამენტის სარგებელი საკმარისი არ არის პოტენციური გვერდითი ეფექტების რისკის გასამართლებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *