ანდროგენეტიკური ალოპეცია
დღეს მსოფლიოში უკვე აღარავინ კამათობს იმის შესახებ, რომ ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს გაცვენილი თმის აღდგენა შეიძლება მხოლოდ თმის გადანერგვით. სწორედ ამოტომაც ჰპოვა ამ მეთოდმა ფართო გამოყენება პრაქტიკაში.
მამაკაცური ტიპის თმის ცვენა – ანდროგენეტიკური ალოპეცია (იხ. ნორვუდის კლასიფიკაცია) ძლიერ გავრცელებულია და გვხვდება 30 -დან 70%-მდე სხვა და სხვა ასაკობრივ ჯგუფსა და პოპულაციაში. ბოლო წლებში აღინიშნება ამ პათოლოგიის გახშირება და გაახალგაზრდავება. ანდროგენეტიკური ალოპეცია გვხვდება ქალებშიც.
ამ მდგომარეობის განვითარების მიზეზად მიჩნეულია შუბლისა და თხემის არეებში (ანდროგენდამოკიდებული ზპნა) განლაგებულ თმის ფოლიკულებზე მამაკაცის ჰორმონების ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება. ამ ჰორმონებს ანდროგენები ეწოდებათ (აქედანაა ალოპეციის ამ ფორმის დასახელება). ანდროგენების ზემოქმედებით მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან ზომაში, კარგავენ ჯანსაღი თმის წარმოქმნის უნარს, ატროფირდებიან და საბოლოოდ გაიწოვებიან.
ანდროგენული ალოპეციის ნორვუდისეული კლასიფიკაცია
სწორედ იმიტომაა ანდროგენეტიკური თმის ცვენის მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგო, რომ თმა ფოლიკულების გარეშე ვერ ამოვა, ფოლიკულები კი გალეული და გაწოვილია.
ანდროგენტიკური ალოპეციის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია ანდროგენდამოკიდებულ ზონაში:
- თმის ფერის გაღიავება – ჰიპოპიგმენტაცია.
- თმის ღერის გაწვრილება – მინიატურიზაცია.
- თმის ზრდის ტემპის შენელება.
- ხშირ შემთხვევაში პროცესს თან ახლავს ჭარბი ცხიმიანობა – სებორეა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს ახასიათებს, თმას კარგავენ მხოლოდ ისინი, ვინც გენეტიკურადაა მიდრეკილი თმისცვენისადმი.
ამავე დროს ანდროგენეტიკური ალოპეციისას კეფისა და საფეთქლის ზონაში ყოველთვის რჩება თმის გარკვეული მარაგი. საქმე იმაშია, რომ აქ განლაგებულ თმის ფოლიკულებს არ გააჩნიათ რეცეპტორები ტესტოსტერონის მიმართ, ამიტომაც ისინი თმის გაცვენის ფაქტორების ზემოქმედებისადმი რეზისტენტური რჩებიან და მათ მუდმივ თმასაც უწოდებენ. თმის ტრანსპლანტაცია გულისხმობს სწორედ ამ თმის ფოლიკულების გადანერგვას თმაგაცვენილ ადგილებში.
სადონორო არეში (კეფა და საფეთქლის მიდამო) განლაგებული თმის ფოლიკულები ადამიანის თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებენ თავის ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ყველა თმაგაცვენილ მამაკაცს ძალზე ხშირად შენარჩუნებული აქვს თმა კეფისა და თავის გვერდით არეებში.
გადანერგვის შემდეგაც ეს ფოლიკულები ინარჩუნებენ თავის მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებეს, აგრძელებენ ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და მათგან იზრდება ჯანსაღი, ნორმალური თმა, რომელიც არასოდეს ცვივა. სწორედ ეს მოვლენა უდევს საფუძვლად თმის გადანერგვის თეორიას და მას ნორმან ორენტრეიხმა “დონორის დომინანტის ფენომენი” უწოდა (1959 წ.)
ამრიგად, ანდროგენური ალოპეციის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ეფექტური გზა არის გენეტიკურად ჯანსაღი თმის ძირების – ფოლიკულების გადანაწილება ანუ საკუთარი თმის გადანერგვა.
იხილეთ თმის გადანერგვის შედეგები ანდროგენული ალოპეციის დროს >>>